საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას განცხადებით, ევროპასთან ინტეგრაციის გრძელ გზაზე დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და მედიის თავისუფლება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.
კატრინ კოლონამ ამის შესახებ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„ჩემს ქვეყანაში და ევროპაში, ევროკავშირში და მის მიღმა, ყველა შეშფოთებული იყო იმით, რაც ხდებოდა საპარლამენტო სესიის დროს. ჩვენ ვნახეთ აქციები და დემონსტრაციები. ჩვენ ღიად ვუჭერდით მხარს იმ ფაქტს, რომ იცავდით თავისუფლებას, დემოკრატიას. ასე რომ, შედეგი არის კარგი.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც გამოხატა მხარდაჭერა მოძრაობის მიმართ, რომელიც იყო განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და საქართველოს მოქალაქეების სპონტანური მოძრაობა. ინტეგრაციის პროცესში, რომელიც შესაძლოა, არის გრძელი გზა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და მედიის თავისუფლება იქნება გადამწყვეტი ფაქტორი. არა მხოლოდ ერთი, არამედ ყველა“, – განაცხადა კატრინ კოლონამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი 28 აპრილს დაიწყო.
ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.
ფრანგული მხარის ცნობით, კოლონა მხარდაჭერას გამოხატავს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც არის არსებითი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის.
საქართველოში ვიზიტამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთში იმყოფებოდა.