12 წლის გოგოს საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი შედეგები გამოვლინდა

12 წლის გოგოს საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი შედეგები გამოვლინდა. ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჭიროებს დეტალურ ანალიზს, მათ შორის, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობას, რის შემდეგაც „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები საგამოძიებო უწყებას მიაწვდიან იმ კითხვების ჩამონათვალს, რომელთა დასმის საჭიროებასაც დაინახავენ დამატებითი ექსპერტიზის მიზნებისათვის.

„ამ ეტაპზე, ცალსახად იკვეთება კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რომელიც უნდა დაეფუძნოს იმ კითხვების სრულ ჩამონათვალს, რაზედაც პასუხი არსებულ დასკვნაში არ არის, ან/და არასრულია.

ამჟამად მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, რომელთა შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. საქმის გარემოებების სრულფასოვანი შეფასება აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების შემდეგ გახდება შესაძლებელი“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.