პრემიერი: მადლობა აშშ-ს, NATO-ს ქვეყნებს ქართული ჯარის გაძლიერებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზემო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ქართული ჯარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ძლიერ საყრდენს და მთავარ გარანტს. მან მადლობა გადაუხადა „საერთაშორისო პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, NATO-ს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც ეხმარებოდა და ეხმარება ჩვენი ქართული ჯარის გაძლიერებას“.

„დღევანდელი დღე მინდა მოგილოცოთ ყველას, ჩვენს გამორჩეულ და საამაყო სამხედროებს, რომელებიც ღირსეულად ემხსახურებით ჩვენს ქვეყანას. მინდა, ეს დღე მივულოცო ჩვენს დაუმარცხებელ, თავდადებულ და გმირ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, რომლებიც თავდაცვის ძალების ყველა ვეტერანთან ერთად მამაცურად იბრძოდნენ და კვლავაც იბრძვიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღირსეული სამსახურისთვის.

მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ქართული ჯარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ძლიერ საყრდენს და მთავარ გარანტს. დღევანდელ დღეს, ჩემო ძმებო, მინდა ქედი მოვიხარო ყველა დაღუპული გმირი მებრძოლის ხსოვნის წინაშე, ჩვენი გმირი მეომრების ხსოვნის წინაშე, რომელთა ბრძოლასა და თავდადებაზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მომავალი. მათმა ბრძოლამ გააძლიერა ქართული იდენტობა ჩვენი ეროვნული, ძლიერი საქართველოსი“, - განაცხადა პრემიერმა.


პრემიერის თქმით, ქართული ჯარი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს.

„ჩვენი ვალია, მაქსიმალურად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი და თქვენი ღირსეული სამსახური. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ჯარი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული თითოეული თქვენგანის სამსახური.

მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ძალიან რთული დროა მთელ მსოფლიოში, რუსეთის აგრესიაა უკრაინაში, ომი, რომელიც არ ჩერდება. ისედაც რთულად პროგნოზირებად, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში ჩვენ, მთავრობას, ჩვენს ხელისუფლებას განსაკუთრებული გონიერება მართებს. ამავდროულად, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოს ინსტიტუტები და პირველ რიგში, ქართული ჯარი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის.

იცით, რომ ჩვენ ვაგრძელებთ გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს და მე მჯერა, ჩვენი ჯარი კიდევ უფრო ძლიერი გახდება.

დღევანდელ დღეს მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, NATO-ს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც ეხმარებოდა და ეხმარება ჩვენი ქართული ჯარის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს, გისურვებთ გამარჯებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.