„თავდაცვის ძალების დღე შესანიშნავი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება, განსაკუთრებული პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენი თავდაცვის ძალებისადმი; ადამიანებისადმი, რომლებიც სიმამაცით და ღირსეულად დგანან ჩვენი სამშობლოს და ხალხის დაცვის სადარაჯოზე",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინაში რუსეთის აგრესიის, უკიდურესად რთული რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და ჩვენი ქვეყნის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებულად ვაცნობიერებთ ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობას. დღევანდელ დღეს ქართველი სამხედროები კარგად მომზადებულები, აღჭურვილები და ბრძოლისუნარიანები არიან. წლების განმავლობაში განვავითარეთ ნაყოფიერი თანამშრომლობა NATO-სთან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი თავდაცვის ძალებს, ზრდის მათ პროფესიონალიზმსა და თავსებადობას NATO-ს სტანდარტებთან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს თავდაცვის კოდექსის განხილვა, რომლის მიზანს ქვეყნის თავდაცვის სისტემის შემდგომი გაუმჯობესება და შესაძლებლობების ამაღლება წარმოადგენს.
„ახალი კოდექსით, გაიზრდება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის და NATO-სთან თავსებადობის ხარისხი; ამაღლდება თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობა; მოხდება ტოტალური თავდაცვის სისტემის სრულფასოვანი დანერგვა; გაძლიერდება ჩვენი ქვეყნის მედეგობა; უზრუნველყოფილი იქნება თავდაცვის ძალების რაოდენობრივი, ხარისხობრივი და ინსტიტუციური მდგრადობის მაღალი ხარისხი; განხორციელდება სავალდებულო გაწვევის სისტემის ძირეული რეფორმა; მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ჩვენი სამხედროების და მათი ოჯახის წევრების სოციალური გარანტიები",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების დღე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა რეკრუტთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი.
პირადი შემადგენლობის წევრებს უწყებრივი მედლები გადაეცათ. ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა სამწყობრო მოედანზე გამოფენილი საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული და უცხოური ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნას.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.