სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კანცელარიასთან მივიდა, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობელთა პროტესტი გრძელდება.
"მოვედი აქ მათი თხოვნის გამო, რომ მთელი დღეა, წვიმს და შეიძლება, ეს წვიმა ამაღამაც გაგრძელდეს - ელემენტარულია, რომ ჰქონდეთ საშუალება, ცელოფანი გადაიფარონ და არ დასველდნენ წვიმის ქვეშ. ეს არის ძალიან ელემენტარული, ამას არც სამართლის ცოდნა უნდა და არც ბევრი ფილოსოფია, ამის უფლება ყველა ადამიანს აქვს. ამისთვის მოვედი, რომ პოლიციისთვის გადამეცა მათი მოთხოვნა. ველოდები პასუხს, რომ ადამიანებს მიეცეთ ღამის განმავლობაში, წვიმაში, ცელოფნის ქვეშ მათი პროტესტის გაგრძელების საშუალება", - განაცხადა იოსელიანმა.
მშობლები განმარტავენ, წვიმისგან თავის დასაცავად მთავრობის ადმინისტრაციასთან პარკები ჰქონდათ გაშლილი, რომელიც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს.