უკრაინელებმა ბახმუტში მტერი აიძულეს, ზოგიერთი პოზიცია დაეტოვებინა - სახმელეთო ძალების მეთაური

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტში კონტრშეტევებით მტერი აიძულეს, ზოგიერთი პოზიცია დაეტოვებინა.

უკრაინული მედია უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურზე, გენერალ ალექსანდრე სირსკისზე დაყრდნობით წერს, რომ მტერი წინსვლისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს და არაფერს ითვალისწინებს. მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით ინტენსიური საომარი მოქმედებები გრძელდება, მაგრამ მტერმა ჯერ ვერ შეძლო უკრაინის პოზიციების თავდაცვის ხაზის გარღვევა.

„მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, მუდმივად ხდება „ვაგნერის“ ახალი თავდასხმის ჯგუფების, სხვა კერძო კომპანიების მებრძოლებისა და მედესანტეების ამ მიმართულებით გადასროლა, მაგრამ მტერი ვერ ახერხებს ქალაქის აღებას“, - განაცხადა უკრაინელმა გენერალმა.

უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის ცნობით, ლიმანის მიმართულებით უკრაინის დამცველებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთი თავდასხმა მოიგერიეს და რუსებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს.

„უკრაინელებმა 10 ოკუპანტი ტყვედ აიყვანეს“, - განაცხადა ალექსანდრე სირსკიმ.