გვინდა, გაფართოება, გვინდა, სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მივცეთ შესაძლებლობა, ჩვენს ოჯახს შემოუერთდნენ - ჰერჩინსკი

გვინდა გაფართოება, გვინდა მივცეთ სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, შესაძლებლობა, ამ ოჯახს შემოუერთდნენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ევროკავშირი არის 27 სუვერენული ქვეყნის ოჯახი. გვინდა გაფართოება, გვინდა მივცეთ სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, შესაძლებლობა, ამ ოჯახს შემოუერთდნენ. საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა იყოს ევროკავშირის ნაწილი. რა გადაწყვეტილების მიღებაც არ უნდა მოხდეს საქართველოს მხრიდან, ქართული პოლიტიკური ელიტის მხრიდან, ქართველი მოსახლეობის მხრიდან, ჩვენ პატივს ვცემთ მას. ვიცი, რომ ევროინტეგრაციასა და ევროკავშირში გაწევრიანებას ახლა მხარს უჭერს ქართველების 89 პროცენტი.

ეს ნამდვილად ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მე ასევე მესმის და ვიცი, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციაშიცაა აღბეჭდილი. ჩვენ, ევროკავშირი, აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ და უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მთავრობას ყველა საჭირო მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ განახორციელოს ეს მიზანი, მაგრამ ეს სამუშაო ქართველების შესასრულებელია. იმედი გვაქვს, რომ პროცესი გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით. ეს იქნება ხანგრძლივი, რთული პროცესი. ეს არის პროცესი, რომლის გავლაც ყველა ქვეყანას მოუწია, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურდა, მაგრამ ყველაფერი ქართული პოლიტიკური ელიტების ხელშია და იმედი მაქვს, საკმარისი პროგრესის მიღწევა მოხდება რეფორმების კუთხით იმისთვის, რომ 27 წევრმა სახელმწიფომ გააგრძელოს შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, რომელიც საქართველომ, შესაძლოა, მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღოს, მაგრამ კვლავ გავიმეორებ, რომ ის იქნება დაფუძნებული იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველო მიაღწევს რეფორმების გზაზე“, - აღნიშნა ელჩმა.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.