ჩვენთვის დიალოგი არავის შემოუთავაზებია, - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ უხერხულია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას მოწოდება, რომ პროცესები კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში გადავიდეს.
„ქალბატონმა თამარმა ყველანაირი მზაობა გამოხატა, რომ მედიკამენტი შემოიტანონ, დაიწყონ პროტოკოლის, გაიდლაინის გამართვა.
ასევე მზაობა გამოთქვა, შეგვხვდეს. ჩვენ ვართ მზად შეხვედრისთვის. ცოტა უხერხულია მისი მხრიდან მოწოდება, რომ ასეთი საკითხები არ უნდა წყდებოდეს ქუჩაში, არამედ დიალოგის რეჟიმში გადაინაცვლოს, მაშინ, როცა ამას არ გვთავაზობს. ჩვენთვის ეს არავის შემოუთავაზებია. ტელევიზიით გავიგეთ. შემოგვთავაზოს, ჩვენთან კომუნიკაციაზე არ გამოდის. ამ განცხადებებს „ფეისბუქიდან“, ტელევიზიებიდან ვისმენთ და აქ ღამეებს ვათენებთ. მოვიდეს ჩვენთან, პირადად გვითხრას. პროტესტი არ არის პროტესტისთვის, პროტესტი არის მედიკამენტისთვის. რა თქმა უნდა, შევწყვეტთ, თუ მათგან ამ ნაბიჯების შესახებ პირადად მოვისმენთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა, მაკა გოჩიაშვილმა.