აშშ-ის ელჩი დღემდე არ მიიჩნევს საჭიროდ, საზოგადოებას მოახსენოს, სანქციები რა მტკიცებულებებით დაწესდა - პაპუაშვილი

აშშ-ის ელჩი დღემდე არ მიიჩნევს საჭიროდ, საზოგადოებას მოახსენოს, სანქციები რა მტკიცებულებებით დაწესდა, - ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როთაც მოსამართლეების დასანქციების საკითხს გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ, ვერცერთი ოპოზიციონერი წარმომადგენლისგან ვერ ვნახე, არ ვიცი, შეიძლება ჰქონდათ სხვა მხრივ კომუნიკაცია აშშ-ის ელჩთან, თუ ჰკითხეთ მას, რა მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა, რადგან ამ ქვეყნის ყველა უმაღლესმა თანამდებობის პირმა ეს იკითხა. სამწუხაროდ, დღემდე ელჩი არ მიიჩნევს საჭიროდ, ქართულ საზოგადოებას მოახსენოს, რა მტკიცებულებები არსებობს ამასთან დაკავშირებით, მიუღებელია, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს უწესდებათ სანქციები ისე, რომ არავინ ღირსად არ თვლის საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს, მათ უთხრან, რა არის ამის საფუძველი.

თქვენს ადგილას, უპირველეს ყოვლისა, დავინტერესდებოდი, რა მტკიცებულებები არსებობს და არ ვიტყოდი იმას, რაც თქვენ თქვით, თუ არ ვცდები, პლენარული სხდომის დროს, რომ კომისიამ უნდა შეუქმნას მტკიცებულებები ამ გადაწყვეტილებებს ან გაამყაროს ის გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო. ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, ეს აკნინებს თქვენს, როგორც პარლამენტის წევრის როლს და ზოგადად პარლამენტის როლს. თქვენ შეიძლება, პარლამენტი ამ მხრივ წარმოგიდგენიათ სხვა სახელმწიფო უწყებების რაღაც კანცელარიად, რომელმაც მტკიცებულებები უნდა აგროვოს და ამყაროს სხვისი გადაწყვეტილება. ამიტომ თავისთავად ამ საქმემ დააბრკოლა კენჭისყრები. პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს ადგენს საქართველოს პარლამენტის ბიურო, შემდეგ ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. შემოთავაზებული დღის წესრიგის პროექტში ეს კენჭისყრა არ არის ჩასმული. თუკი პარლამენტის რომელიმე წევრი ან ჯფუფი არ ეთანხმება დღის წესრიგს, ან ფიქრობს, რომ რაიმე საკითხი დასამატებელია, პლენარულ სხდომაზე გაქვთ ამის შესაძლებლობა, ისევე როგორც ბიუროს სხდომაზე, დააყენეთ საკითხი და ამაზე იმსჯელებს ბიუროც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.