უკრაინამ და პოლონეთმა აამოქმედეს სახელმწიფოთაშორისი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელმაც სამდღიანი სატესტო პერიოდი უკვე გაიარა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 2 მაისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მოდერნიზაციის შემდეგ ამოქმედდა სახელმწიფოთაშორისი ელექტროგადამცემი ხაზი უკრაინასა და პოლონეთს შორის. Ukrenergo-ს სპეციალისტებმა და მათმა პოლონელმა კოლეგებმა PSE-დან, სწრაფად შეასრულეს სამუშაო. ევროპელმა პარტნიორებმა შემოგვთავაზეს დაახლოებით ათასი ერთეული აღჭურვილობა. ხაზი უკვე ამოქმედდა. 27 აპრილიდან, მან წარმატებით გაიარა სამდღიანი სატესტო პერიოდი“, - განაცხადა შმიგალმა.
მისი თქმით, დამატებითი მძლავრი ინტერკონექტორი ექსპორტისა და იმპორტის შესაძლებლობებს ზრდის.
ელექტროენერგიის გაყიდვით უკრაინა ენერგეტიკის სექტორის აღსადგენად და ახალი გათბობის სეზონისთვის რესურსებს აგროვებს. საჭიროების შემთხვევაში, უკრაინა მეზობელი ქვეყნებიდან სასწრაფო დახმარების მისაღებად, იმპორტს გააძლიერებს.
„უკრაინის მოძრაობა ევროკავშირისკენ არის არამხოლოდ ამბიციები, არამედ, ეს არის კონკრეტული შედეგებიც. ჩვენ ვაგრძელებთ წარმატებულ სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირში. ახლა ჩვენ ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი ენერგეტიკული სისტემების გაერთიანებისკენ", - განაცხადა დენის შმიგალმა.
ცნობისთვის, უკრაინა დიდი ხანია, ითხოვს პოლონეთთან ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენას. პოლონური ენერგეტიკული კომპანია PSE ამტკიცებდა, რომ ამ ელექტროგადამცემი ხაზის ასეთი ძაბვით აღდგენა შეუძლებელი იყო გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და შესაბამისი ტექნიკური სტანდარტების არარსებობის გამო. ამიტომ, PSE-მ გადაწყვიტა, ამ 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ხელახლა აშენება და მისი სინქრონიზაცია უკრაინის ელექტრო ქსელთან.
Energoatom-ი ემზადება, აამოქმედოს ხაზი, რომელიც პოლონეთის გავლით უკრაინისა და ევროპის ენერგოსისტემებს დააკავშირებს.