ევროკომისიამ ხუთ ქვეყანაში უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტი 5 ივნისამდე აკრძალა

ევროკომისიამ ხუთ ქვეყანაში უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტი 5 ივნისამდე აკრძალა. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

შეზღუდვა ძალაში 2 მაისს შევა და 2023 წლის 5 ივნისამდე გაგრძელდება. ევროკომისია აღნიშნავს, რომ 5 ივნისს ვადის ამოწურვის შემდეგ მზად იქნება, პრევენციული ზომები გაახანგრძლივოს იქამდე, ვიდრე განსაკუთრებული ვითარება გაგრძელდება.

შეზღუდვა უკრაინაში წარმოებული ოთხი სახეობის აგროპროდუქტს შეეხება - ხორბალს, სიმინდს, რაფსსა და მზესუმზირის თესლებს. იმპორტის აკრძალვა პოლონეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში ამ პროდუქტებთან დაკავშირებული „ლოგისტიკური პრობლემების მოგვარებას” უკავშირდება.

შეზღუდვის პერიოდში აღნიშნული პროდუქციის იმპორტი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში იქნება შესაძლებელი, გარდა ჩამოთვლილი ხუთისა. ამავდროულად, მათი ტერიტორიის გავლით უკრაინული აგროპროდუქციის ტრანზიტი დაშვებული იქნება.

„პარალელურად ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა ვალდებულება აიღეს, რომ ხორბალზე, სიმინდზე, რაფსსა და მზესუმზირის თესლებზე, ასევე უკრაინიდან მომავალ ნებისმიერ სხვა პროდუქციაზე ცალმხრივ შეზღუდვებს გააუქმებენ”, - წერია განცხადებაში.