NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრე დემოკრატიებმა ერთად იმუშაონ და ეს ასევე ნიშნავს ერთობლივ წვრთნებსაც.
„მთავრობისგან ვნახე ცნობა, რომ ეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონსულტაციის შედეგად გაკეთდა. ესაა, რაც წავიკითხე. რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ მე სულ ახლახან განვიხილე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან წვრთნების სერია, რომელშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას. წვრთნები, რომელიც, ასევე, უკავშირდება იმ სამუშაოს, რომელსაც ახლა მე ვაკეთებ, ესაა - კიბერ და ენერგეტიკული უსაფრთხოება.
ჩვენ განვიხილეთ შემდგომი წვრთნები, რომლის ჩატარებაც შეგვიძლია ერთად, კერძოდ ენერგეტიკული მიმართულებით, ასევე არის კიბერ წვრთნა, რომელზეც მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან მალე დამტკიცდება, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღოს“, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.
აპატურაის თქმით, ახლა სამხედრო გზით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ ახლა ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც სამხედრო გზით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ უფრო გადაუდებელი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ამდენად, მე უბრალოდ წავახალისებდი მაქსიმალურ თანამშრომლობას წვრთნებში”, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.