გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებსა და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო და მათგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეების მხრიდან დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.

„საუბრისას გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ განათლების ნებისმიერ საფეხურზე, იქნება ეს საჯარო თუ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება, ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა სამინისტროსთვის უმთავრეს პრიორიტეტსა და პასუხისმგებლობას წარმოადგენს. შესაბამისად, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ზოგადი განათლების განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია კერძო სკოლების განვითარებაზე ზრუნვა და სამინისტრო ამ კუთხით მათი აქტიური მხარდამჭერი იქნება. თავის მხრივ, კერძო სკოლებისა და ასოციაციების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თანამშრომლობისთვის და სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოთქვეს“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ გიორგი ამილახვარის ინიციატივით, კერძო სკოლებისა და ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.