პრემიერი: ჩვენ ვფლობთ სუპერძალას - ეს არის რწმენა, ჩვენი ოჯახები, ტრადიციები, ფასეულობები

უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ვიქტორ ორბანი სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მეგობარს, პრემიერ ორბანს; უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად  სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მისივე თქმით, მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო

ღარიბაშვილის შეფასებით, უდავო ფაქტია, რომ  დღეს გლობალური წესრიგი იცვლება.

„მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ამ რთული ვითარებიდან ვერავინ შეძლებს, მარტომ იპოვოს გამოსავალი. საჭიროა ერთიანობა, გლობალური თანამშრომლობა ახალი, უფრო სამართლიანი წესრიგისათვის. მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას.

მისივე თქმით, ერთიანობისთვის ძალას საქართველოს აძლევს ის ტრადიციული, უზენაესი, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ისტორიას და კულტურას.

 „რა გვაძლევს ძალას ამ ერთიანობისთვის? უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის ტრადიციული, უზენაესი, მარადიული, უნივერსალური ფასეულობები, რომელიც განსაზღვრავს მთელ ჩვენს ისტორიას და კულტურას, ჩვენს ყოველდღიურობას. ეს ფასეულობები მარტივად გამოითქმის - ეს არის რწმენა, თავისუფლება, მშვიდობა, ღირსება, სიმართლე, თანასწორობა, ოჯახის სიწმინდე, მშობლების, წინაპრების, ტრადიციების პატივისცემა, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი. ყველაფერი, რაც შეიძლება შევაჯამოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-, ბრძენი და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებში - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.

საქართველოს მთელი ისტორია სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება. არსებითად, ეს ფასეულობები ერთ წიგნში - სახარებაშია თავმოყრილი. ალბათ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც, ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა. დაახლოებით იმავე დროს, მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში ქართულად ითარგმნა სახარება; თუმცა ქრისტიანობის ქადაგება ჩვენთან გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ ქრისტეს პირველმა მოციქულებმა დაიწყეს.

  • „ჩვენს რთულ დროში ყველა უნდა გავერთიანდეთ. მოდით, ვაქციოთ ჩვენი ქვეყნები - მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის ადგილად. ბატონმა ორბანმა თავის დალასის გამოსვლაში იხუმრა, რომ უნგრეთი ნამდვილად არ არის სუპერძალა (Superpower). საქართველოს, კიდევ უფრო პატარა ქვეყანას, მით უმეტეს, არასდროს ჰქონია ასეთი ამბიცია. მაგრამ მაინც, ჩვენ ვფლობთ სუპერძალას - ეს ძალა არის რწმენა, ჩვენი ოჯახები, ტრადიციები, მარადიული და უნივერსალური  ფასეულობები. სწორედ ამ ძალთა გაერთიანებით ჩვენ შევძლებთ დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლების და ყალბი სიმართლის სახელით მოსულ ბოროტებას და ნამდვილი, ტრადიციული, უზენაესი, ოჯახური ღირებულებებით დავიცვათ და შევინარჩუნოთ სამყარო ჩვენი შვილებისათვის და მომავალი თაობებისათვის.

ორი ათასი წელია, მთელ ჩვენს ისტორიას და კულტურას სწორედ სახარების ფასეულობები განსაზღვრავს. ეს ფასეულობები ყოველთვის საფუძვლად ედო ქართულ იდენტობას, აერთიანებდა ჩვენი ხალხს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ უძველესი, მაგრამ პატარა, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, იმპერიების და ცივილიზაციების შეჯახების ეპიცენტრში მდებარე ქვეყანა გადაურჩა ისტორიის იმ ქარტეხილებს, რომლებმაც არაერთი დიდი და ძლევამოსილი იმპერია გაანადგურა,“- აღნიშნა პრემიერმა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია; რასაკვირველია, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე“.

მისივე განცხადებით, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე.

„რასაკვირველია, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის. ასე იყო ფაშიზმის შემთხვევაშიც, და არაერთხელ მთელ ისტორიაში. ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა, რომ თავისუფლებას - ცრუ თავისუფლების სახელით ებრძვიან. დიახ, ეს ნამდვილად ასეა. არავინ ებრძვის თავისუფლებას - მონობის სახელით, არამედ - ცრუ თავისუფლების; არავინ უპირისპირდება სიმართლეს - სიცრუის სახელით, არამედ - ყალბი სიმართლის სახელით;

როგორ ცდილობენ ძალები, რომლებიც თავისუფლებას, სიმართლეს უპირისპირდებიან, საკუთარ მიზნებს მიაღწიონ? სწორედ ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევით და ყალბი თავისუფლების თავსმოხვევით - ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის - მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, ასეთი ეგრეთწოდებული „სიახლეების“ იძულებით, რომელიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, საკუთარ ტრადიციას, კულტურას, ისტორიას მოწყვეტს. ასეთი ადამიანის მართვა - ვინც დაივიწყა საკუთარი ისტორია, რწმენა - უფესვებო ადამიანის მართვა ადვილია.

ამიტომაც, ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია. დღესაც, დრამატულ განახლებათა - ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების განვითარების, ინდუსტრიული ზრდის, ურბანიზაციის, სოციალურ ცვლილებათა და გლობალიზაციის ეპოქაში, ჩვენ კვლავ, შესაძლოა, უფრო მეტადაც კი, გვჭირდება მორალური ორიენტირები, რომელთაც სწორედ ჩვენი ტრადიციები და ფასეულობები გვთავაზობს.

სწორედ განახლების, განვითარების, არსებითი წინსვლის სურვილი მოითხოვს, რომ ყველა ახალ დაპირებას მკაფიო, დროში გამოცდილი კრიტერიუმების, ისტორიული ფასეულობების შუქზე შევხედოთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ვინმესადმი დაპირისპირებას. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს - არავის ინტერესები არ უნდა შეიზღუდოს - სხვათა ინტერესების გამო“,- განაცხადა პრემიერმა.