რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

ოპოზიციონერი დეპუტატები, რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ჯგუფის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე იქნება. 

დეპუტატების თქმით, პოლიტიკური ჯგუფი საპარლამენტო მუშაობის თვალსაზრისით აქტიური იქნება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები, დეპუტატები ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძე ახალ, 2-წევრიან პოლიტიკურ ჯგუფს „ევროოპტიმისტებს" დაარქმევენ. სახელწოდების შერჩევამდე რომან გოცირიძემ Facebook-ის პირად გვერდზე მოქალაქეებს სთხოვა, სახელწოდების შესარჩევად სხვადასხვა ვერსია დაეწერათ.

„ბევრჯერ იყო აქ ნახსენები ევროპა, როგორც დროის სულისკვეთება. დავეყრდენით რა ამ ამოსავალ სიტყვას, შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ ჯგუფს დავარქვათ სახელი ევროოპტიმისტები", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, 31 იანვარს, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებდა.

17 თებერვალს, რომან გოცირიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 23 მარტს კი, ხატია დეკანოიძემ მიიღო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება.