აშშ-სთვის იმედგამაცრუებელია თურქეთის გადაწყვეტილება, რომელიც სომხური ავიაკომპანიისთვის საჰაერო სივრცის დახურვას გულისხმობს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, 3 მაისს გაკეთდა.
პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი ამბობს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას და ვაშინგტონს სჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა არამხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ, რეგიონში სტაბილურობისთვის.
„შეთანხმება, რომელსაც ადრე მიაღია ამ ორმა ქვეყანამ საჰაერო კავშირების აღდგენის შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნდობის აღდგენის თვალსაზრისით არამხოლოდ ამ ორ ქვეყანას შორის, არამედ, ისევ და ისევ, ფართო რეგიონული სტაბილურობისთვის. და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვებთ, რომ თურქეთი და სომხეთი ეკონომიკური კავშირების აღდგენას და სატრანსპორტო კავშირების გახსნასაც გააგრძელებენ“, - აღნიშნა პატელმა.
ოთხშაბათს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარამ დახურა თავისი საჰაერო სივრცე სომხური ავიახაზებისთვის მესამე ქვეყნების მიმართულებით და ამის მიზეზად სომხეთის „პროვოკაციები“ დაასახელა.
კერძოდ, გადაწყვეტილების მიზეზად მოიხსენია ერევანში, მე-20 საუკუნის დასაწყისის სომეხი მოღვაწეების მემორიალის გახსნა, რომლებიც სომხეთში შურისმაძიებლებად, ხოლო თურქეთში ტერორისტებად ითვლებოდნენ.