კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ „ვაგნერი“ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებს.
მან რუსეთის თავდაცვის მინისტრს და უმაღლეს მთავარსარდალს მიმართა და განაცხადა, რომ შეიარაღების მიწოდების გარეშე გაუმართლებელ ბრძოლას ვეღარ გააგრძელებენ.
პრიგოჟინის თქმით, ვაგნერის შეტევითი რესურსები აპრილში ამოიწურა და შედეგად, მათი დანაკარგები „ყოველდღიურად ექსპონენტურად იზრდება“.
„ვაგნერის ქვედანაყოფებს ბახმუტიდან გამოვიყვან, რადგან საბრძოლო მასალის არარსებობის შემთხვევაში, ისინი განწირულნი არიან უაზრო სიკვდილისთვის“, - განაცხადა პრიგოჟინმა და დაამატა, რომ ბახმუტზე შეტევის საკითხი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელში იქნება.
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი" უკრაინის წინააღმდეგ ომში, გასული წლის 16 მარტიდან იბრძვის.
29 აპრილს, პრიგოჟინი ბახმუტიდან თავისი მეომრების გაყვანით იმუქრებოდა.
პრიგოჟინი არაერთხელ უჩიოდა საბრძოლო მასალის ნაკლებობას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.