შს მინისტრმა კომენტარი გააკეთა ვერაზე მომხდარ მკვლელობაზე

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ვერაზე მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა. მინისტრმა მედიის შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ დაკავებულია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, რომელიც კერძო პირთან, დაცვაში მუშაობდა. გომელაურის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით დეტალებზე ალბათ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ისაუბრებს.

„გუშინ ნამდვილად ცუდი შემთხვევა მოხდა. დაკავებულია ერთი პირი“, - განუცხადა მინისტრმა მედიას.

ჟურნალისტებმა მას მიმართეს, რომ კრიმინალი გაზრდილია ქვეყანაში, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ შარშან 74 მკვლელობა მოხდა, როდესაც 300 და 330 იყო 2012 წლამდე.

„ყველაზე ცოტა, 2022 წელს დაფიქსირდა - 74 მკვლელობა, რომელიც ნამდვილად უპრეცედენტოა“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.