ჯანმო: COVID19-თან დაკავშირებული, გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა დასრულდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, Covid19-თან დაკავშირებული, გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა დასრულდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ Covid-19 „გლობალური ჯანმრთელობის გადაუდებელ მდგომარეობას" აღარ წარმოადგენს.

"ეს პანდემიის დასასრულისკენ გადადგმული მთავარი ნაბიჯია მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის გამო, სიფრთხილის უმაღლესი დონე გამოაცხადა", - წერს BBC. 

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვირუსით გამოწველი სიკვდილიანობის პიკური მაჩვენებელი 2021 წლის იანვარში, კვირაში 100,000-ზე მეტიდან, 24 აპრილს, 3,500-მდე დაეცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პანდემიის შედეგად, სულ მცირე შვიდი მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ტედროს გებრეიესუსმა ამასთანავე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, უფრო რეალური მაჩვენებელი, 20 მილიონს მიუახლოვდა.

გებრეიესუსი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ
ვირუსი მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება.

„გუშინ, საგანგებო სიტუაციების კომიტეტი მე-15-ჯერ შეიკრიბა და რეკომენდაცია გასწია, გამომეცხადებინა ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის დასრულების შესახებ. მე დავეთანხმე ამ რჩევას. ამიტომ, COVID19-თან დაკავშირებულ გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობას დასრულებულად ვაცხადებ“, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეული იყო კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.