ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად ერთ მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად ერთი მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ თანხა „მშვიდობის ევროპული ფონდიდან” გამოიყოფა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 155 მმ საარტილერიო ჭურვებისა და საჭიროების შემთხვევაში, რაკეტების შესაძენად.

ხსენებული თანხით დაფინანსდება კონტრაქტები, რომლებიც არაუგვიანეს 2023 წლის 30 სექტემბერს გაფორმდება.

„უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი რაოდენობა სჭირდებათ უკრაინელი ხალხისა და ტერიტორიის დასაცავად. სწრაფად სჭირდებათ. წინა გადაწყვეტილებასთან ერთად, რომ არსებული მარაგებიდან ოპერატიულად მივაწოდოთ საბრძოლო მასალა, ამ მიზნებისთვის 2 მილიარდ ევროს გამოვყოფთ, რითაც უკრაინისთვის ევროკავშირის მთლიანი სამხედრო დახმარება 5.6 მილიარდ ევრომდე აგვყავს“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.

შეიარაღების შეკვეთა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ნორვეგიაში მდებარე მწარმოებლებისგან მოხდება, თუმცა კომპონენტების შეძენა სხვა ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი.

ევროკავშირში უკრაინისთვის ამუნიციის ერთობლივ შეძენაზე სამ მაისს შეთანხმდნენ.