ევროკავშირი ჩინური კომპანიების მიმართ სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ Reuters-ი Financial Times-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. შვიდი ჩინური ბიზნესია ჩამოთვლილი სანქციების ახალ პაკეტში, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ კვირაში განიხილავენ.
- თუ სანქციების მე-11 პაკეტი ჩინურ კომპანიებსაც შეეხება, ეს იქნება ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირველი პაკეტი, რომელშიც ჩინური კომპანიებიც შევლენ.
FT-ის ცნობით, სანქციების სიაში შედის ორი კონტინენტური ჩინეთის კომპანია, 3HC Semiconductors და King-Pai Technology, ასევე, ხუთი კომპანია ჰონგ კონგიდან, მათ შორის, Sinno Electronics, Sigma Technology, Asia Pacific Links, Tordan Industry და Alpha Trading Investments.
ჩამოთვლილთაგან ზოგი ჩინური კომპანია, მაგალითად, King-Pai Technology უკვე სანქცირებულია აშშ-ის მიერ.
ორშაბათს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ჩინეთი მოუწოდებს ევროკავშირს, თავი აარიდოს „არასწორ გზას“, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მტკიცე ზომებს მიიღებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.
ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტი, რომელიც მიმდინარე წლის 25 თებერვალს გამოქვეყნდა, 121 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გავრცელდა.