ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში კოვიდინფექციასთან გამკლავების გზებსა და ვაქცინაციის თემებზე საუბრობს. ჟურნალისტმა მას ორი ნიღბის გამოყენების საკითხზეც ჰკითხა.
მოგზაურობას რაც შეეხება: თუ ორივე ვაქცინა გავიკეთე და მეორე დოზით აცრიდან 14 დღეა გასული, უსაფრთხოა მგზავრობა ერთი, ან ორი ნიღბით? - მიმართა კითხვით ჟურნალისტმა სპეციალისტს.
„ეს დამოკიდებულია თქვენი მხრიდან რისკის გაწევის სურვილზე. ვგულისხმობ იმას, რომ რა თქმა უნდა, ახლა რისკი უეჭველად ნაკლებია, რაკი აიცერით. თუ ვაქცინა 94-95% ეფექტურობის მქონეა, თქვენი ინფიცირების და ავად გახდომის რისკი გაცილებით უფრო დაბალია აცრის შემდეგ. მაგრამ, რისკი მაინც არსებობს. ამიტომ საკითხავია, რა დონის რისკზე ხართ წამსვლელი? დღეს ჩვენ ისევ ყველას ვურჩევთ, რომ არ იმოგზაურონ, თუ ეს ძალიან აუცილებელი არ არის. ჯერჯერობით ეს ასეა.
ასეთ რაოდენობრივ განსხვავებაზე ვერაფერს გეტყვით. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ნიღბის ტარებას გვირჩევს. ზოგი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს ნიღბის დამატებით ფენაში. ეს მისაღებია, ცუდს ვერაფერს ვხედავ ორი ნიღბის ტარებაში, თუ ეს მეტ კომფორტს, სიმყუდროვეს, დაცულობის შეგრძნებას მოგცემთ. მაგრამ, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის გზამკვლევში ჯერ არაფერი წერია იმაზე, რომ ერთი ნიღაბი ისეთი კარგი არ არის, როგორც ორი. ისინი ამას შეისწავლიან და იმედია, ინფორმაციას ჩვენც მოგვაწვდიან“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.