შემაშფოთებელია, რომ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ გამოთქვამენ პრეტენზიებს ხელისუფლებაში მოსვლაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ვხედავთ უსუსურ მცდელობას ისედაც გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან, რომ რაიმენაირად დიდი, მსოფლიო დონის სკანდალი, საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობის სქემა, რომელიც იქნა გაშიფრული და „ბიბისის“ მიერ იქნა გამოძიებული, გადაფარონ.
ვგულისხმობ კეზერაშვილის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს, ე.წ. ქოლცენტრების სქემის აწყობას, რომლითაც მილიარდი დოლარი იქნა მოპარული, ჩვენ ამას ვამბობდით და დადასტურებულია „ბიბისის“ გამოძიების შედეგად. თქვენ ნახეთ ყველამ, რომ კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები, ერთი მილიარდი ევრო არის მოპარული, აი, ამხელა სკანდალის გადაფარვას ცდილობენ ეს არასერიოზული ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს საინტერესო არ არის, საინტერესო არის ის, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების, ევროპის ქვეყნების პენსიონერებისგან ამ კაცმა და მისმა კომპანიებმა მოიპარეს ერთი მილიარდი დოლარი, საერთოდ რაზეა საუბარი. ახლა მთავარი მინდა ვთქვა, თქვენ იცით, რომ კეზერაშვილი რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე ეს ფაქტი გასაჯაროვდებოდა, გამოვიდა და ფაქტობრივად დაადასტურა, რომ იგი არის ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს მთელს ოპოზიცია.