საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით არახამიას განცხადებების კომენტირებისას განაცხადა, რომ უკრაინელმა პოლიტიკოსი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს.
ამავე კომენტარის დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინას საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება და მშვიდობა უსურვა.
„კიდევ ერხელ მინდა ერთი რამ ვუთხრა საზოგადოებას, ესაა კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ თქვენს მიერ ნათქვამი ადამიანი და ჩვენი ექსტრემისტული, რადიკალური ოპოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდეც, ომის შემდეგაც და დღესაც ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო, გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ფაშისტური, ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას.
ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ, საზოგადოებამ ძალიან ბევრი ფაქტი ნახა ამ კოორდინაციის, შეთანხმებული მოქმედებების და ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია არის ჩართული პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და მას არავინ ეკითხება აქ ჩვენ, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ზოგადად ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას. მიხედოს ბატონმა არახამიამ თავის თავს. ერთი რამ მინდა ვთქვა, უკრაინას ვუსურვებ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას, მშვიდობას და ამ ომის მალე დასრულებას,“- აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, დავით არახამიამ ტელეკომპანია „მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დარწმუნებულია, არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება და ქართველი ხალხი აღარ შეეგუება ასეთ ხელისუფლებას. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ევროპულ მომავალს, თუმცა არა ამ ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება.