უკრაინის არმია კონტრშეტევას დაიწყებს, როცა ამისთვის შესაფერისი დრო მოვა - შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიტანეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინა გულდასმით ემზადება ახალი კონტრშეტევისთვის რუსული ძალების წინააღმდეგ, რადგან თავდასხმა „ძალიან მნიშვნელოვანია“ და მან უნდა აჩვენოს წარმატება".

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შმიგალმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვემზადებით ძალიან ფრთხილად, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია და გვესმის, რომ ამ ოპერაციაში წარმატება უნდა ვაჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს, მთელ მსოფლიოს [და] ჩვენს მტერს. [...] ჩვენ დავიწყებთ კონტრშეტევას, როდესაც ამის დრო დადგება, როდესაც ის აბსოლუტურად მზად იქნება... ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ კონტრშეტევას, როდესაც გადაწყვეტილებას ჩვენი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიიღებს“, - განაცხადა შმიგალმა.


უკრაინის პრემიერ-მინისტრი საწვრთნელ ზონაში იმყოფებოდა, სადაც უკრაინელი ახალწვეულები გადიან სწავლებას.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს შეიძენს.

სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის ჩამონათვალში, რომლის შეძენასაც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის უახლოეს მომავალში გეგმავს, არის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ან რაკეტები, რომელთა მანძილი 100-დან 300 კმ-მდე აღწევს.

ამასთან, Washington Post-ი წერს, რომ დიდი ბრიტანეთი უკვე ემზადება ხსენებული შეიარაღების უკრაინისთვის გადასაცემად.