უკრაინისთვის 1,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც სამშაბათს გამოცხადდა, ითვალისწინებს ახალი იარაღის წარმოებას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ან მათ შეძენას პარტნიორი ქვეყნებიდან. ახალი დახმარება უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან საჭიროებებს დაფარავს.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა სამშაბათს, 9 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალი პაკეტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უშუალო მარაგების ნაცვლად, უზრუნველყოფილია უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის (USAI) ფარგლებში, რაც შესაძლებელს ხდის იარაღის შეძენას ინდუსტრიისგან ან პარტნიორებისგან.
„ამ პროცესის შემდეგი ნაბიჯი იქნება დამატებითი შესაძლებლობების დაფინანსების შესწავლა უკრაინის გრძელვადიანი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა რაიდერმა.
აშშ-მ უკრაინისთვის $1.2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ 5 მაისს გამოაცხადა.