კანადა და ლატვია უკრაინელ ოფიცრებს მოამზადებენ

კანადა და ლატვია უკრაინელი ოფიცრებისთვის სწავლებას გამართავენ. სწავლება ლიდერობის უნარების განვითარებაზე იქნება მიმართული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, უკრაინელი უმცროსი ოფიცრები შეისწავლიან დაგეგმვისა და ბრძანებების გაცემის პროცესს, მანევრების კოორდინაციას, სადაზვერვო მონაცემების შეგროვებას, დაგეგმვასა და აღსრულებას. ანიტა ანანდის განცხადებით, კანადამ უკვე ჩაატარა სწავლება 36 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცისთვის და ამ ახალი პროგრამის წყალობით, ის კიდევ უფრო მეტს მოამზადებს.

„15 მაისიდან, კანადა და ლატვია ერთობლივად მოამზადებენ უკრაინელ სამხედროებს ლატვიის ტერიტორიაზე. კანადისა და ლატვიის შეიარაღებული ძალების პარტნიორობით, ჩავატარებთ სწავლებას, რათა განვავითაროთ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალის ლიდერული უნარები“, - განაცხადა ანიტა ანანდმა.