ამერიკის შეერთებული შტატებს სურს, ქართველ ხალხს მათი ოცნებების რეალიზებაში დაეხმაროს. Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ამერიკის დახმარება, რომელიც დღემდე 6 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს, მიმართულია ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
გამოცემასთან ოფიციალური კომენტარის დროს, ენტონი ბლინკენის უწყებაში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დახმარების სახით, 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის; მოამზადა ათიათასობით ქართველი ჯარისკაცი და კიდევ ათასობით ადამიანი გაგზავნა შეერთებულ შტატებში, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
„სხვა მრავალ ინიციატივასთან ერთად, ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას საქართველოში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები და ერთად ვმუშაობთ საქართველოს საერთო მიზნისთვის - ეს არის ევროატლანტიკური ერების ოჯახში სრულად ინტეგრირებული, მთლიანი, თავისუფალი საქართველო - ქვეყანა, რომელიც არის მშვიდობიანი ევროპის ნაწილი.
ჩვენ ღია ვართ საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხთან მიმართებით, რომლებიც ეხება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების აუცილებლობას. დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც ჩვენ ყველამ დავინახეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აშორებს საქართველოს გაცხადებულ მიზანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ რაც მთავარია, ასუსტებს მის დემოკრატიას.
ჩვენი დახმარება მიმართულია ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს, რათა შეგვეძლოს განსაზღვრა, თუ რა მიზნით უნდა გამოიყენებოდეს ჩვენი დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, მაგრამ ასევე ვმუშაობთ ხალხთან, რათა მივაღწიოთ ქვეყნის ყველა კუთხემდე, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ხალხს მათი ოცნებების რეალიზებაში.
ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს ხალხთან, რადგან ისინი მიისწრაფიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენ მზად ვართ, მთავრობას ამ მიმართულებით დავეხმაროთ“, - განაცხადა Europetime-თან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.