კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ბახმუტში მიიწვია.
მიმართვის ტექსტი პრიგოჟინის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა და მიწვევის მიზეზად საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში შოიგუს მრავალწლიანი გამოცდილება დაასახელა.
პრიგოჟინის მტკიცებით, „ვაგნერი“ აკონტროლებს ბახმუტის ტერიტორიის 95 პროცენტს და აგრძელებს შეტევას. მისივე თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა არაერთი წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს ფლანგებზე, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები არიან განლაგებულნი.
უკრაინის ძალებმა ბახმუტთან 2 კილომეტრით წინ წაიწიეს. იუწყება თავდაცვის მინისტრის მოადგილე. უკრაინამ პარასკევს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს დონეცკის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბახმუტის გარშემო, რომელიც თვეების განმავლობაში რუსეთთან ბრძოლის ეპიცენტრია. რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი" 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ მის დაპყრობას. ქალაქის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია და იქ ომის დაწყებამდე 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.
„მტერმა ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადა. ჩვენ ამ კვირაში ბახმუტში არცერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს“, - განაცხაად ჰანა მალიარმა.
პრიგოჟინი მანამდე ირწმუნებოდა, რომ „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები ბახმუტში პოზიციებს 10 მაისის შემდეგ დატოვებდნენ საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო.