სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ის იცავს ადამიანის უფლებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი კონკრეტულ პატიმარს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
- რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
- სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება - სააკაშვილი
„სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ის იცავს ადამიანის უფლებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი კონკრეტულ პატიმარს. ეს დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, შესაბამისად, ყოველგვარ სპეკულაციებს – მოწამვლას, აბსოლუტურად აბსურდულ ბრალდებებს, სტრასბურგის სასამართლომ გასცა სათანადო და ძალიან მკაფიო პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.
ბოდიში აქვთ მოსახდელი, თუმცა ჩვენ მაინც და მაინც მათგან ბოდიშს არ ველოდებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მაშინაც იყო მათი პოლიტიკური არჩევანი და დღესაც ისინი მოქმედებენ პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. ისინი რომ იყვნენ ობიექტური დამკვირვებლები, ბოდიშს მოიხდიდნენ, თუმცა ამის მოლოდინი, სამწუხაროდ, არ გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.