საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა. ხალხმა დიდი ხნის წინ ცხადად განაცხადა, რომ მას სურს ევროპული მომავალი. ისინი ამ მიზნის მიღწევასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დანიელი დიპლომატის თქმით, მის ვიზიტს სამი მიზანი აქვს: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა: „გუშინ ვიმყოფებოდი „ცხინვალის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე“. რუსეთის უწყვეტი „ბორდერიზაციის“ პროცესი ჰყოფს ოჯახებს. ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, სჭირდება მყარი, საიმედო, სტრატეგიული ალიანსები და პარტნიორობა.
- სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაძლიერებთ ჩართულობას ამ პერიოდში, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ამის დასტურად, დღეს ოფიციალურად გავხსნი საქართველოში დანიის საელჩოს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამის გაკეთება მე მიწევს საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების მხარდასაჭერად.
მეორე - ჩემი ვიზიტი, დანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის პოლიტიკოსებთან ერთად, აღნიშნავს ისტორიულად ძლიერ ორმხრივ ურთიერთობას საქართველოსა და დანიას შორის. მას შემდეგ, რაც დანიის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება გამოცხადდა, კულტურულმა, პოლიტიკურმა და ბიზნესკავშირებმა ისტორიული იმპულსი შეიძინა“, - განაცხადა მინისტრმა.
რასმუსენის თქმით, დანიასა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ ერთი სიგნალი არის, რომ წელს, კოპენჰაგენსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები დაიწყება.
„ჩემი ვიზიტის მესამე მიზანი არის ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების დიდი, შეუსწავლელი პოტენციალის განვითარებაა“, - აღნიშნა მინისტრმა IPN-ის ცნობით.