პენტაგონმა დაადასტურა, რომ გერმანიაში, უკრაინული ეკიპაჟების მოსამზადებლად, Abrams-ის ტიპის 31 ტანკი ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ გერმანიაში, უკრაინული ეკიპაჟების მოსამზადებლად, Abrams-ის ტიპის 31 ტანკის ჩავიდა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროების გადამზადება რამდენიმე კვირაში დაიწყება.

„შემიძლია დავადასტურო, რომ 1A1 Abrams-ის ტიპის 31 სასწავლო ტანკი გერმანიის გრაფენვერის სასწავლო ცენტრში ჩავიდა, რათა უკრაინული სატანკო ეკიპაჟის შემდგომი წვრთნისთვის მოამზადონ. მოსალოდნელია, რომ ეკიპაჟები ჩამოვლენ და დაიწყებენ წვრთნას მომდევნო რამდენიმე კვირაში", - აღნიშნა რაიდერმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინაში ტანკების გაგზავნის შესახებ იანვარში განაცხადა.


უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებისთვის საჭირო ამერიკული „აბრამსის“ ტიპის ტანკები გერმანიაში, დაგეგმილზე ადრე ჩავიდა. იუწყებოდა რამდენიმე დღის წინ უკრაინული მედია Sky News-ზე დაყრდნობით.

თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა სენატში, სამხედრო ბიუჯეტთან დაკავშირებით გამართული მოსმენის დროს განაცხადა, რომ ამერიკული Abrams-ის ტანკები უკრაინას შემოდგომის დასაწყისში გადაეცემა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ტანკების მიწოდების დასაჩქარებლად, პროგნოზი ასეთია - შემოდგომის დასაწყისი“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

მისი განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს უკვე აქვთ „წვდომა“ Abrams-ის რამდენიმე ტანკზე, რათა დაიწყონ ეკიპაჟების მომზადება იმ ტანკებისთვის, რომლებიც მოგვიანებით ჩამოვლენ.

პენტაგონი იმედოვნებს, რომ დაპირებული ტანკების უკრაინაში ჩასვლამდე ეკიპაჟები მზად იქნებიან მათ სამართავად.

პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 9 მაისამდე ამერიკამ უკრაინას, 36.9 მილიარდ დოლარზე მეტის მოცულობის სამხედრო დახმარება გაუწია.