ჩეხეთის პრეზიდენტი: ვიდრე კონცენტრირებულნი ვართ უკრაინაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო და მოლდოვა, რომლებიც რუსეთის ზეწოლას და დაშინებას განიცდიან

ვიდრე კონცენტრირებული ვართ უკრაინაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო და მოლდოვა, ისევე როგორც სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლას და დაშინებას განიცდიან, მათ შეუძლიათ, ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, მათ შორის ევროკავშირის წევრობის გზაზე, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა რეიკიავიკის სამიტზე გამოსვლისას.

პაველის თქმით, სრულ მხარდაჭერას უცხადებს კოსოვოს მისწრაფებას, გახდეს ევროსაბჭოს წევრი შეძლებისდაგვარად სწრაფად.

„ბევრი ჩვენგანი იმყოფებოდა უკრაინაში, თავად იხილა ომის საშინელება და ვიმედოვნებთ, რომ ევროპაში ომს აღარასდროს ვიხილავთ. ევროსაბჭომ ვერ შეძლო ამ ომის შეჩერება და არის ისტორიული გამოწვევის წინაშე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის და მისი ხელმძღვანელებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. სამართალი უნდა დადგეს ამ უაზრო ომის მსხვეპლებისთვის. ამ კუთხით, ჩეხეთი მხარს უჭერს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიებას და სპეციალური ტრიბუნალის ინიციატივას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულში პასუხისმგებელი პირების დასჯისთვის.

ვიდრე ჩვენ კონცენტრირებული ვართ უკრაინაზე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო და მოლდოვა, ისევე როგორც სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლას და დაშინებას განიცდიან. მათ შეუძლიათ, ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, მათ შორის ევროკავშირის წევრობის გზაზე. ასევე, მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო კოსოვოს მისწრაფებას, გახდეს ევროსაბჭოს წევრი შეძლებისდაგვარად სწრაფად“, – განაცხადა პეტრ პაველმა, რომლის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ამავე სამიტის დროს, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უპირველესი ყურადღება მართებულად ფოკუსირებულია უკრაინაზე, ხაზს უსვამენ საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას

„რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის პირველ რიგში თავდასხმა უკრაინის და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ და ასევე არის თავდასხმა ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რაზეც ევროსაბჭო არის დაფუძნებული. მშვიდობა, თანამშრომლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ჩვენ უნდა დავიცვათ ეს ვალდებულებები. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ისეთი ძლიერი და მტკიცეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

ზარალის რეესტრის შექმნით, ევროსაბჭომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უპირველესი ყურადღება მართებულად ფოკუსირებულია უკრაინაზე, ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ფინეთი მხარს უჭერს ევროსაბჭოს წევრობისთვის კოსოვოს წინსვლის შემდგომ ნაბიჯებს. როდესაც მულტილატერალურ წესებზე დაფუძნებული სისტემა გამოწვევის წინაშეა, ევროსაბჭო იმსახურებს ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას“, – განაცხადა ნიინისტომ.