საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავების საკითხები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მარკ რუტეს რეიკიავიკში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა და საქართველოში მოიწვია.
„საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერას. ირაკლი ღარიბაშვილმა მარკ რუტეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობას. აღინიშნა, რომ პოლიტიკური მიმართულებით ქვეყნებს შორის ურთიერთობა დინამიკურად ვითარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.