„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია NATO-ში უკრაინის წევრობასთან დაახლოებისთვის, ასევე უნდა იყოს მისასალმებელი და პოზიტიურ განვითარებად აღქმული საქართველოსთვის, რადგან საბოლოო მიზანი უნდა იყოს NATO-ში საქართველოს გაწევრიანებაც“, - ამის შესახებ ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ლუკ კოფიმ, ნატოს ვილნიუსის სამიტზე საუბრისას „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.
კითხვაზე, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს, საქართველოს კი მოსაპოვებელი აქვს, NATO-ში გაწევრიანების გზაზეც, მოვლენების მსგავსი განვითარება ხომ არ შეიძლება ვიხილოთ, ლუკ კოფი პასუხობს, რომ ეს არ იქნება იგივე შემთხვევა, რადგან ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების პროცესები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.
- „ევროკავშირში წევრობისთვის თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ განსხვავებულ კრიტერიუმებს, ეს არის ძალზედ განსაზღვრული“, - აღნიშნავს კოფი.
„ეს კარგია თუ ცუდი, უკრაინა და საქართველო ერთმანეთთან დაკავშირებულია. გაფართოების საკითხში ისინი ერთმანეთს შეერწყნენ 15 წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გამო. დიდი განსხვავება ისაა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს იგივე დონის ენთუზიაზმი NATO-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინააღმდეგი არ ყოფილა, მათ თქვეს, რომ მხარს უჭერენ NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას და ამისთვის გარკვეული მცირე ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ენთუზიაზმს, მაგალითად, იმის შესახებ საქართველოს მთავრობას NATO-ს სამიტიდან რის მიღება სურს, ამ სამიტის საშუალებით რის მიღებას იმედოვნებენ, ამის შესახებ ჩვენ ნამდვილად არაფერი გვსმენია.
ვფიქრობ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია NATO-ში უკრაინის წევრობასთან დაახლოებისთვის, ასევე უნდა იყოს მისასალმებელი და პოზიტიურ განვითარებად აღქმული საქართველოსთვის, რადგან საბოლოო მიზანი უნდა იყოს NATO-ში საქართველოს გაწევრიანებაც“, - განაცხადა ლუკ კოფიმ.
ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს - ალექსანდრე ვინიკოვი