ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს სამიტის დასკვნით დოკუმენტში, სახელწოდებით "რეიკიავიკის დეკლარაცია - ერთიანი ჩვენი ღირებულებების გარშემო“.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც დაზარალდა რუსეთის აგრესიული ომით უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის აგრესიით საქართველოს წინააღმდეგ და ვგმობთ ამ აგრესიას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს სრულად და უპირობოდ მისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია დეკლარაციაში.
46 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, „არ არის მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევა, არამედ, ეს არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე“.
ცნობისთვის, 16-17 მაისს, ისლანდიის დედაქალაქში ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა ორდღიანი სამიტი გაიმართა. სამიტის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიით მიყენებული ზარალის საერთაშორისო რეესტრის შექმნა.