გორში 4 წლის ბავშვი სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებით გარდაიცვალა

17 მაისს, გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების თქმით, 4 წლის თომა წიქარიძეს ექიმის მიერ ინფექციის არასწორი მართვის გამო, სეფსისი განუვითარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. რაც შეეხება კლინიკას, „გორმედის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი მშობლებმა ამბულატორიულად მიიყვანეს კონსულტაციაზე, თუმცა, შემდგომ სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებიდან.

„თბილისში უნდა წაგვეყვანა, ძალიან ცუდად რომ იყო. ექიმი გამოვიდა, „უიმე ჩუტყვავილა აქვსო, აქ როგორ უნდა მივიღოო“. ვეუბნები, ექიმს, რომ ჩქარა, ცუდად არის, გადასხმა გაუკეთეთ, ან სხვა რამე-თქო, მაგრამ მოიცადე ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო. ბავშვს მოვკიდეთ ხელი, მაგრამ ერთი არ უთქვამს მოიცადე და აქ გავუკეთებ პირველად დახმარებასო-არა! პირდაპირ გამოვიტაცეთ ბავშვი და წამოვედით. საავადმყოფოსთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ბავშვმა გონება დაკარგა, გული ჰქონდა გაჩერებული“, - განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის ბებიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ბავშვის მკურნალი ექიმი კომენტარს არ აკეთებს