პარლამენტში ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა.
რეგისტრაციის პროცედურა 54 ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა. უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს და ამ გზით კენჭისყრა ჩააგდეს.
საკითხის ერთ-ერთმა ინიციატორმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, კომისიის გამოსაკვლევ საკითხებად განსაზღვრულია: 2020 წლიდან დღემდე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ თაღლითური „ქოლცენტრების“ შექმნითა და გამოყენებით ჩადენილი სავარაუდო ტრანსნაციონალური დანაშაულები, მათი განხორციელების სქემა და პასუხისმგებელი პირები; შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების შესაძლო არასათანადო რეაგირების ფაქტები, ამ სისტემური ჩავარდნის გამომწვევი მიზეზები და მასზე პასუხისმგებელი პირები; სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებული პირდაპირი თუ არაპირდაპირი საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები და მათი შესაძლო შედეგები საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის.
„ვინაიდან, ჩვენ ვხედავთ არასათანადო და არაეფექტურ რეაგირებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ამ უდიდეს ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ სქემაზე, რა თქმა უნდა, პარლამენტის მოვალეობაა ამ არასათანადო რეაგირების დროული შესწავლა და პოზიტიური და პროაქტიული როლის შესრულება ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის კუთხით. უნდა გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ამით რეალური საფრთხე შეექმნება 12 პუნქტის შესრულებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას“, - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.
შესაბამისი დადგენილების პროექტის ავტორი და ინიციატორია ოცდაათზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი.
კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერც სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე შედგა. როგორც ცნობილია, მმართველმა გუნდმა მაშინაც უარი განაცხადა რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ მოსამართლეებს „სოლიდარობა გამოუცხადა“.