პროექტი „ჩვენი ჯარი“, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო საზოგადოების ინფორმირებისა და ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ახორციელებდა, წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ოფიცრები და სერჟანტები 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 1 301 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. ჯარისკაცები მაღალი კლასების მოსწავლეებს ეტაპობრივად ხვდებოდნენ და ჯარისკაცის პროფესიას, ეროვნული გმირების ისტორიებს, სამხედრო მოსამსახურის დღის განრიგს, თავდაცვის ძალებში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან სიახლეებს, სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობებს, ჯარში მოქმედ ბენეფიტებს, თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს აცნობდნენ. სალექციო-დისკუსიური ხასიათის გაცნობით შეხვედრებზე, მოსწავლეებსა და პედაგოგებს თემატური ვიდეორგოლებისა და ფოტომასალის ხილვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლა ერთ-ერთი ბოლო სკოლაა, რომელსაც ჯარისკაცები ესტუმრნენ და მოსწავლეებსა და პედაგოგებს პრეზენტაცია წარუდგინეს. სასწავლო წლის განმავლობაში ახალგაზრდები განსაკუთრებით თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამსახურის ფორმებით, თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებებით, სამხედრო წოდებებითა და კარიერული წინსვლის სისტემით, ეროვნულ გმირებთან დაკავშირებული ისტორიებით, ქართული სამხედრო მრეწველობით, სამხედრო ბაზებზე არსებული ინფრასტრუქტურითა და პირობებით, სამოქალაქო და სამხედრო ცხოვრების ურთიერთშეთავსებით ინტერესდებობდნენ. მოსწავლეების ნაწილი სწავლის კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაგრძელების, ასევე, აქტიური რეზერვის პროგრამის გავლის სურვილს გამოთქვამდა.
როგორც თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, პროექტს, რომელიც 2023-2024 სასწავლო წელსაც გაგრძელდება, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. სკოლების გარდა, „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები შეხვედრებს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთანაც მართავენ.