სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს

კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს, – აღნიშნული ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სასტუმროსთან, სადაც აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით იმართება, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასტუმროს ტერიტორიიდან მიკროავტობუსი გამოვიდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მიკროავტობუსში რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები იმყოფებოდნენ.


ინფორმაციისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება!

ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა.

სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია განცხადებაში.