საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებაში საფრთხეებს ხედავს.
„არ მჩვევია, რაღაც განცხადებებზე პასუხი და „პინგ-პონგი“, მაგრამ ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალხზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანტობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როცა წელიწადნახევარია იღებს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს 70 ათასს თუ 80 ათასს ისე, რომ არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა, ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ არ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი.
მით უმეტეს, როცა ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის ჩვეულებრივ რუსეთის თემა, რომ ვითომ თავისი მოქალაქეების დასაცავად შედის სხვადასხვა ქვეყნებში. თუ ბატონი კობახიძე ამის დამზადებას ცდილობს, მე მგონი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ამას, არც საზოგადოება არც მე და სადაც საზოგადოებაა, იქ მე ვიქნები!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამავე ბრიფინგიდან:
-
ზურაბიშვილმა „აირზენას“ ბოიკოტს გამოუცხადა
-
ქორწილი დღეს აღარ ჩატარდება - პრეზიდენტი
-
პრეზიდენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორი ქვეყნების სიებით იხელმძღვანელოს საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, ვინც სანქცირებულია
20 მაისს, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის სტუმრობასა და კახეთში, საქორწინო წვეულების გამართვის მცდელობას, რასაც საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი წინასწარ აკეთებდა პროგნოზს, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, „დაიწყებოდა ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა“.
„რეალურად არის ქსენოფობიური კამპანია - მეოთხე ტალღა. შეგახსენებთ, შარშან მათ ჰქონდათ სამი მცდელობა, რომ აეგორებინათ ასეთი კამპანიები. ეს იყო თავიდან, როცა დაიწყო ომი და როცა შემოვიდა გარკვეული ნაკადი ადამიანებისა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში. შემდეგ ეს უკავშირდებოდა ტურისტულ სეზონს და შემდეგ უკავშირდებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზაციის გამოცხადებას.
ეს იყო სამი სხვადასხვა მცდელობა, რომ გამოეწვიათ ემოციები, ქსენოფობიური კამპანია გააღვივეს, თუმცა მაშინ ისინი იყვნენ წარუმატებლები და მე მგონია, მომავალშიც წარუმატებელი იქნება ეს კამპანია, გამომდინარე იქიდან, რომ ქსენოფობია არ ზის ქართული საზოგადოების ბუნებაში.
ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიის ერთ-ერთი განშტოება, ასე ვიტყოდი. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ასეთი ტიპის კამპანიებისგან. ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.