ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში ვერ წაგვიყვანს - ლომჯარია

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში ვერ წაგვიყვანს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პირველი ნაბიჯი ეს იყო რუსული კანონის მიღება, რომელსაც უნდა შეეზღუდა საქართველოსთვის დასავლური დახმარება ქართულ ეკონომიკაში, ინსტიტუტებში, მედიაში, სამოქალაქო საზოგადოებაში. მეორე ნაბიჯი არის რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა. ხელისუფლება თავად ზრდის ეკონომიკურ დამოკიდებულებას დასანქცირებულ, ყველასგან იზოლირებულ, საერთაშორისო დანაშაულში ბრალდებულ, რუსეთის ხელისუფლებასთან, რომ შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაგვაშანტაჟოს. ასე რომ ჩვენ მათი პროპაგანდის არ გვჯერა", - განაცხადა ლომჯარიამ.


19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფებოდა. მედიაში ამ ცნობის გასაჯაროების შემდეგ, ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.