არ უნდა ჩამოვიდეს ლავროვის შვილი აქ, არ უნდა ჩამოვიდეს პოზნერი და არ უნდა ჩამოვიდეს მიხალკოვი, რომელსაც ეახლა და ქედმოხრით ელაპარაკებოდა სააკაშვილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ლავროვი არის ერთ-ერთი ლიდერი იმ აგრესორი ქვეყნის, რომელიც ჩვენი ხელმოწერით გაირიცხა ევროპული სტრუქტურებიდან, ფორმატებიდან, გადაეცა ჰააგის ტრიბუნალს. ახლახან რეიკიავიკში ხელი მოვაწერეთ რეზოლუციას, რომ რეესტრი შედგეს, რა ზარალი მიაყენა უკრაინას რუსეთმა, რომ შემდეგ ამას მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება და ა.შ. ძალიან მკაფიო, ჩამოყალიბებული და ხისტი პოზიცია გვაქვს. მოვიგეთ ჰააგა, მოვიგეთ სტრასბურგი.
როცა მამისთვის შვილს სთხოვ პასუხს, ის თავაწეულობა, ის მხარგაშლილობა, რაც ქართველს ახასიათებს, ქართულ საზოგადოებას ახასიათებს, მის ტრადიციასა და ყოფას, ამასთან დაკავშირებით სუსტად გამოვიყურებით. ევროპულობას და ჩვენს პოზიციას ის ამტკიცებს, რაც მოგიყევით. ცუდია, არ მომწონს, არ უნდა ჩამოვიდეს ლავროვის შვილი აქ. არ უნდა ჩამოვიდეს პოზნერი და არ უნდა ჩამოვიდეს მიხალკოვი, რომელსაც ეახლა და ქედმოხრით ელაპარაკებოდა სააკაშვილი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფებოდა. მედიაში ამ ცნობის გასაჯაროების შემდეგ, ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა.
სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.