აღსანიშნავია, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც ყველანაირი შეზღუდვის გარეშე რუსულ საჰაერო ხომალდებს, მათ შორის სანქცირებულებსაც ემსახურებიან, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.
„საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ის გზა, რომელიც აირჩია ჩვენმა საავიაციო ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი, რომელიც არსებობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული პირდაპირი ფრენები. ეს იმას ნიშნავს, რომ არცერთი სანქცირებული საჰაერო ხომალდი და არცერთი ავიაკომპანია ბაზარზე დაშვებული არ იქნება“, - აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ "იმედის" ეთერში.
19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფებოდა. მედიაში ამ ცნობის გასაჯაროების შემდეგ, ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა.
სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.