11-15 მაისს მაროკოს ქალაქ მარაკეშში 1000-ზე მეტი ქალი მოსამართლე 72 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის (IAWJ) 86-ე კონფერენციას დაესწრო.
წლევანდელ კონფერენციას აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, ოთხი ქართველი მოსამართლე ესწრებოდა.
ამერიკის საელჩოს ცნობით, მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს კონცეფციაზე, „მეტი ქალი მოსამართლე: მეტი სამართლიანობა“ და აღნიშნეს, რომ ლიდერ ქალ მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა ყველა მოქალაქისთვის უფრო მეტ სამართლიანობას უზრუნველყოფს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, გენდერულად დაბალანსებული სასამართლო სისტემა აქვს, კვლავაც პრობლემად რჩება ქალი მოსამართლეების მცირე რაოდენობა ხელმძღვანელ თანამდებობებზე.
აშშ-ის მთავრობა აგრძელებს გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების ზრდის მხარდაჭერას ყველა დონეზე და ხელისუფლების ყველა შტოს ქვეშ. სასამართლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც წაახალისებს ქალებს, მეტი როლი შეასრულონ სასამართლოს მართვასა და მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში – ჩვენი პრიორიტეტია.
ეს კონფერენცია იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ქართველი ქალი მოსამართლეებისთვის, ყოფილიყვნენ ქალ მოსამართლეთა მსოფლიო ქსელის ნაწილი და ემსჯელათ საერთო გამოწვევებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასამართლო სისტემას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზებაში“, - აცხადებენ საელჩოში.