ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგა ადამიანის უფლებების სტანდარტებს - კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი სპეკულაციებში დაადანაშაულა. კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კონკრეტული თემა ისე გამოიყვანა, თითქოს, „მან მოსთხოვა შინაგან საქმეთა მინისტრს, ქორწილის მეორე დღის ჩაშლა და ეს მოთხოვნა გაითვალისწინა შინაგან საქმეთა მინისტრმა“.

 

„მინდა გითხრათ, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის ქორწილი იყო, რომელიც თავად გამოირჩევა ომის საწინააღმდეგო გზავნილებით. რუსეთის კონკრეტულ მოქალაქეს, ბანერი უდევს საკუთარ Faceboook-ზე, რითაც გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. ამ კაცის ქორწილის ჩაშლა საქართველოში [პრეზიდენტმა] განიხილა, როგორც ქართველი ხალხის გამარჯვება.

ასევე მინდა გავიხსენო, რომ ქორწილის ჩაშლა, მით უმეტეს იმ ადამიანის, რომელსაც კონკრეტული დანაშაული არ აქვს საქართველოში, ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენაა. თქვენ იცით, რომ თავის დროზე „სტუმარ-მასპინძელი“ ვაჟა-ფშაველამ მე-19 საუკუნეში დაწერა.

მაშინ მსოფლიოში შედარებით ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და მათ შორის ეხებოდა საქართველოსაც, ბევრად მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა საქართველოში, ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ „სტუმარ-მასპინძელი".

მინდა საზოგადოებას ვთხოვო დააკვირდეს მოვლენებს, ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს. რაც შეეხება ქვეყნის დატოვებას, ამაზეც გააკეთა ზურაბიშვილმა სპეკულაციური განცხადება. ისე გამოიყვანა, თითქოს, მან მოსთხოვა შინაგან საქმეთა მინისტრს ქორწილის მეორე დღის ჩაშლა და ეს მოთხოვნა გაითვალისწინა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

რეალურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერც მოაწყობს და ვერც ჩაშლის ქორწილს. ეს იყო პრეზიდენტის სპეკულაციური განცხადება. სინამდვილეში, კონკრეტულმა სტუმრებმა გადაწყვიტეს, დაეტოვებინათ ის ლოკაცია, სადაც პროტესტი იმართებოდა. შეიძლება, ჰქონდათ კომუნიკაცია, მაგრამ კომუნიკაციის შინაარსი არ იყო მოთხოვნის დაყენება ქორწილის მეორე დღეს ჩაშლის თაობაზე და გათვალისწინება", - აღნიშნა კობახიძემ.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, „უნდა ითქვას, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს სახელმწიფო ქვეყანაში კონკრეტული ადამიანების შემოსვლის დროს, საქართველო არ არის მიერთებული სანქციებს, ჩვენ არ გვაქვს დაწესებული სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის, ამის მიზეზები არაერთხელ განიმარტა, არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ კანონი. მთავარი კრიტერიუმი არის რა თქმა უნდა, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა-არ დარღვევა“.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი, რომ კონკრეტული პირები არ შემოეშვა საქართველოში.

„დანარჩენზე შესაბამისი უწყებები გასცემენ პასუხს, მაგრამ თქვენც გირჩევთ თავიდან ბოლომდე იხელმძღვანელოთ ოკუპაციის შესახებ კანონით, რომელიც არის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი თითოეული უწყებისთვის. პერსონების სანქცირებასთან დაკავშირებით მინდა, განვმარტო ორი რამ. პირველი, როდესაც ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს ამაში იგულისხმება მათ შორის პერსონალური სანქციებიც, ანუ ჩვენ არ ვუწესებთ რუსეთის ფედერაციას სანქციებს.

ამაში იგულისხმება პერსონალური სანქციების არდაწესებაც. ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია ჩვენი მხრიდან. მეორე, თეორიულადაც რომ განვიხილოთ პერსონალური სანქცირება ვინმესი რამის გამო, ეს შეიძლება შეეხებოდეს, როცა საქართველოზეა საუბარი, სამართლებრივ სახელმწიფოზე, მხოლოდ იმ ადამიანზე, რომლებსაც გარკვეული დანაშაულებრივი ქმედება აქვთ უშუალოდ ჩადენილი. არ შეიძლება, სანქცია ეხებოდეს ზოგადად ოჯახის წევრს. ეს მიდგომა უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს.

მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი გერმანიაში, მაქვს თავის დროზე ნასწავლი ეს სფერო და პირდაპირ თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგა ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ეს არის რბილი შეფასება“, – განაცხადა კობახიძე.