გაბონში, 2 მაისს გატაცებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გათავისუფლებული მეზღვაურები სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. მათ მგზავრობას დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს.

„ქართველი მეზღვაურები ცენტრალური აფრიკის, გაბონის ტერიტორიულ წყლებში, ღუზაზე მდგომი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 2 მაისს გაიტაცეს. მას შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. სამხრეთ აფრიკაში საქართველოს კონსული მუდმივ კონტაქტზე იყო ასევე პრეტორიაში გაბონის საელჩოსა და დამსაქმებელ კომპანიის წარმომადგენლებთან", - აცხადებენ საგარეო უწყებაში“. 


ქართველი მეზღვაურები ტყვეობიდან 21 მაისს გაათავისუფლეს.

2 მაისს, გაბონში გატაცებული მეზღვაურები უკვე ნიგერიაში არიან და სამედიცინო შემოწმებას გადიან. პირველადი მონაცემებით, ორივე მეზღვაური თავს კარგად გრძნობს და რამდენიმე დღეში სამშობლოში დაბრუნდებიან.

"საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მადლობას უხდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, ნიუ-იორკის შტატში და სინგაპურში საქართველოს გენერალურ საკონსულოებს, ასევე გემთმფლობელ კომპანიას და ყველა ჩართულ მხარეს, რომელთა ერთობლივი მუშაობის შედეგად წარმატებით განხორციელდა მეზღვაურების უსაფრთხო გამოხსნა ტყვეობიდან", -  ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.