სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მისთვის გასაგებია ის პროტესტი, რომელიც 20 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების საქართველოში ვიზიტს მოჰყვა. ამის შესახებ იოსელინმა სტრასბურგში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა.
„როდესაც შენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ასეთი ვიზიტები, განსაკუთრებით, როდესაც მაღალი თანამდებობის პირების შვილები ჩამოდიან, განსაკუთრებული სენსიტიურობით აღიქმება. სრულიად გასაგები არის იმ ადამიანების აღშფოთება, რომელიც მივიდნენ და პროტესტი გამოხატეს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა რადიო თავისუფლების ცნობით.
19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფებოდა. მედიაში ამ ცნობის გასაჯაროების შემდეგ, ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა.
სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.
20 მაისს, საღამოს,სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქორწილი არ გაიმართება, რადგან ოჯახი, რომელიც ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას აპირებდა, წასულია“.
საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ბრიფინგით გამოემაურა ინფორმაციას საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების სტუმრობასა და კახეთში, საქორწინო წვეულების მოწყობის მცდელობას და ხელისუფლებას მოუწოდა, პარტნიორი ქვეყნებიდან სასწრაფოდ შემოიტანონ სანქცირებულთა სიები, რითაც საზღვარზე იხელმძღვანელებენ.