ბიზნესის წარმომადგენლებმა პრემიერთან შეხვედრაზე „კომენდანტის საათის“ წესში ცვლილებების შეტანა მოითხოვეს

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მხსვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე.

„ვფიქრობთ, 2 კვირაში მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები თანდათან გაუქმდეს", - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მსხვილ დამსაქმებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული მოთხოვნები ზედმიწევნით უნდა შესრულდეს.

„ჩვენ დავაყენეთ ძალიან კონკრეტული საკითხი, რომ დარჩენილ შეზღუდვებზე ძალიან მალე ვიმსჯელოთ. ისევ მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან ეპიდსიტუაციას მომავალი ორი კვირის განმავლობაში. ვისაუბრეთ გარკვეულ პარამეტრებზე კორონავირუსის ​ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ორ კვირაში ჩვენ იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები თანდათანობით გაუქმდეს. იყო თხოვნა და ეს ჩვენთვის გასაგებია, რომ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. კონკრეტულად, ეს ნიშნავს იმას, რომ ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული მოთხოვნები ზედმიწევნით უნდა დავიცვათ“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

საცალო გაყიდვების კომპანია ICR Group-ის დამფუძნებელის კახა ხაზარაძის განცხადებით, პრემიერს კომენდანტის საათით 2 საათით გადაწევა სთხოვეს.

მისი თქმით, შეზღუდულ დროში სამუშაოს შემდეგ თანამშრომლების სახლებში გადაყვანა ინფიცირების რისკების მატარებელია, ამიტომ სექტორი კომენდანტის საათის გადაწევას ითხოვს.

„დავაყენე საკითხი და ვთქვი, რომ ტრანსპორტის 21:00 საათამდე ამოქმედების საკითხი პრობლემატურია, რადგან სავაჭრო ობიექტები 19:00 საათზე იკეტება და რჩება 2 საათიანი პერიოდი ხალხის გადაყვანისთვის. თუ ადრე იყო სავაჭრო ობიექტებში ინფიცირების რისკი, ახლა იქმნება გადაყვანის დროს ინფიცირების რისკი, ამიტომ ვითხოვთ კომენდანტის საათის 2 საათით გადატანას. მოინიშნა, გვითხრა რომ მოკლე პერიოდში დაგვიბრუნდება და გავაგრძელებთ მაგ საკითხებს კონსულტაციებს“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.

„კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებლის, თემურ ჭყონიას შეფასებით გიორგი გახარიასა და კერძო სექტორს შორის შეხვედრამ კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა. როგორც მან აღნიშნა, საუბარი იმდენად კონსტრუქციული იყო, რომ დაიბნა.

„საკითხები მეგობრული იყო, კონსტრუქციული. ჩემდა გასაკვირად ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სერიოზულად, ყოველგვარი მლიქვნელობის გარეშე. ბიზნესის მნიშვნელობა გაცილებით გაზრდილია და ურთიერთობაში პირადად იღებს ვალდებულებას თავის თავზე რომ ხელშეწყობილი იყოს და ჩქარი ტემპით განვითარდეს. მე არაფერი მითქვამს პირველად ცხოვრებაში, იმიტომ რომ იმდენად კონსტრუქციულად წავიდა საუბარი, დავიბენი“, - განაცხად თემურ ჭყონიამ.

კითხვაზე რატომ არ დააყენა მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ბიზნესმენმა უპასუხა, რომ შეხვედრაზე ამჯობინა დისკუსია არა კონკრეტული ბიზნესების, არამედ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარმართულიყო.

„ჩემი მხრიდან არაფერი მითქვამს. დამიძახეს და მოვედი. სახელმწიფოებრივ საკითხებზე უნდა იყოს საუბარი და ჩემს თავს მე თვითონ მოვუვლი. რა თქმა უნდა ბიზნესი სახელმწიფოა, მაგრამ ბიზნესმა თავის თავს უნდა მოუაროს. ჩვენ თუ ვისაუბრებთ უნდა ვისაუბროთ ერთობლივად რა შეგვიძლია უფრო დიდი გავაკეთოთ სახელმწიფოსთვის და ბიზნესი რომელიც თავის თავს ვერ უვლის იმას სახელმწიფო ვერ მოუვლის", - განაცხადა ჭყონიამ.

ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ კონცელიძის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრის მთავარი თემა პანდემიური მდგომარეობიდან გამოსვლა იყო.

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან შეხვედრის შემდეგ არჩილ კონცელიძემ ჟურნაილსტებს უთხრა, რომ კითხვები ბიზნესსაც ჰქონდა.

„ძირითადად საუბარი პანდემიიდან გამოსვლის საკითხებზე იყო, რა გაკეთდება. დაახლოებით 15 კითხვა ბიზნესმა დასვა. გვაინტერესებდა პანდემიის და შეზღუდვების მოხსნის პრინციპები და როდის დაიწყება ეკონომიკის სრული გახსნა. რაზეც გვიპასუხეს, რომ დაავადების რაოდენობასთანაა მიბმული და რომ შეზღუდვების მოხსნას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ვითიბი ბანკის პრეზიდენტმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ იმ 2 ძირითად საკითხზე, რაზეც შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება.

„პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, თუ რა მაჩვენებლებზე არის დამოკიდებული და როგორ შეიძლება, თანდათანობით, გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულში, მთლიანი ბიზნესი გაიხსნას. მეორე საკითხი უფრო ეხებოდა საშუალოვადიან განვითარებას, ბიზნესი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს და ეკონომიკა უფრო მოძლიერდეს, რა სტრუქტურული რეფორმები უნდა გატარდეს, პრივატიზაცია კიდევ უფრო გაიზარდოს და რა ფუნდამენტალური ცვლილებები არის ეკონომიკაში საჭირო. საუბარი იყო, რომ პრემიერ-მინისტრი მზად არის, 24 საათიან რეჟიმში შეხვდეს ბიზნესმენებს. ითქვა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა და ფაქტიურად, ყოველთვიურ რეჟიმში მოხდება ბიზნესებთან შეხვედრა.

შეხვედრაზე სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც პრაქტიკულ კითხვებს სვამდნენ, რომელ საათიდან რომელ საათამდე შეიძლება ემუშავათ, რამდენად შესაძლებელია, რომ შაბათ-კვირას დაიწყონ მუშაობა. პრემიერ მინისტრმა ჩაინიშნა კითხვები და მოწოდება იყო, რომ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები გაიცემა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განათლება არის პრიორიტეტული და განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, შემდეგ სავაჭრო სფერო, რესტორნები და ა.შ.“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

IG დეველოპმენტის დამფუძნებელი მინდია საბანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება და პრემიერი მოტივირებულია, რომ ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფ რეჟიმში ამუშავდეს.

მისი თქმით, პრემიერმა საფუძველი ჩაუყარა ყოველთვიურ შეხვედრებს და საკითხები, რაც რთული გადასაწყვეტია, პირდაპირი კომუნიკაციის რეჟიმში გვარდება.

„ყველას კარგად გვესმის, რა მდგომარეობაში უწევს ხელისუფლებას, მართოს სიტუაცია. პრემიერიც კარგად აცნობიერებს ამ ვითარებას. პრემიერმა საფუძველი ჩაუყარა ყოველთვიურ შეხვედრებს, განხილვებს, დისკუსიას და ის საკითხები, რაც რთულია გადასაწყვეტად, ეს საკითხები პირდაპირი კომუნიკაციის რეჟიმში გვარდება. მოტივირებულია მთლიანად ხელისუფლება და პრემიერი, რომ რაც შეიძლება სწრაფ რეჟიმში ამუშავდეს ეკონომიკა. ყველა ის სექტორი, რაც გაჩერებულია მათ ამუშავებაზეა საუბარი. ეს არის დამოკიდებული დადებითობის 4%-ზე. თუ ვინმეს შეეხო პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები, დამერწმუნეთ, პირველი ჩვენი კომპანიაა და გაბრაზებული ჩვენც ვართ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ პრემიერი ცდილობს, ყველაფერს აკეთებს და გვერდით გვიდგას“, - განაცხადა მინდია საბანაძემ.