სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს

სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს. პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერევნის მიერ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად ნებისმიერი აღიარება დამოკიდებული იქნება მთიან რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების გარანტიაზე.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორია, 86.6 ათასი კვადრატული კილომეტრი, რომლის აღიარებისთვის ერევანი მზადაა, მოიცავს მთიან ყარაბაღს.

  • ფაშინიანის განმარტებით, მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში უნდა განიხილებოდეს.

ფაშინიანი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე შეთანხმება მალე მიიღწევა.

„საერთაშორისო საზოგადოების აღქმა სულ უფრო მეტად იხრება იმ ფორმულისკენ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა დათქმის გარეშე აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა - 29 800 და 86 600 კვადრატულ კილომეტრებზე. სომხეთი მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა 86 600 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში.

ჩვენი აზრით, აზერბაიჯანი მზადაა, აღიაროს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა 29800 კვადრატულ კილომეტრზე. თუ ამ საკითხში ერთმანეთს სწორად გავუგებთ, მაშინ სომხეთი, დიახ, აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას 86 600 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში იმ გაგებით, რომ აზერბაიჯანი აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას 29 800 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ერევანი ფიქრობს, რომ ბაქო აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას.